ირაკლი ფარჯიანი
(22. 05. 1950  – 23. 12. 1991)

 

ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართულ ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ის მიეკუთვნება 80-იანელთა თაობას. ევროპული ღირებულებების ქართველი ხელოვანის უნიკალური ხელწერა გასცდა ქვეყნის საზღვრებს. უკვე 80-90-იან წლებში ევროპამ ირაკლი ფარჯიანი დიდ ხელოვანად აღიარა.

 

ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს მესტიაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

 

21 წლის ასაკში უახლოვდება თბილისელ ანთროპოსოფოსთა წრეს და პირველად ეცნობა სახარებას; მას შემდეგ, სახარებისეულ თემატიკას შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აზრით, აღარც დაშორებია.

 

მართალია, ანთროპოსოფია მსოფლმხედველობაა და არა რელიგია, მაგრამ რწმენისა და რელიგიის აკრძალვისა და საბჭოთა იდეოლოგიის ხანაში, სწორედ ანთროპოსოფიამ უბიძგა ირაკლის სახარების შესწავლისა და ქრისტიანობის სიღრმისეული გააზრებისაკენ. ამავე დროს, ის გულდასმით  სწავლობდა გოეთეს “ფერთა თეორიას”.

 

1978 წელს ირაკლი ფარჯიანი იოანეს სახარების გადაწერაზე იწყებს მუშაობას.

80-იან წლებში ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და მხატვრობაში ასე ჩაეყარა საფუძველი ფარჯიანისეულ ხელწერას ტექნიკაში. იოანეს სახარების დასრულების შემდეგ, 1979 წელს, მხატვარი წიგნის ფორმას აძლევს მარკოზის სახარებას.

ირაკლი ფარჯიანს ოთხივე სახარების გადაწერა ჰქონდა ჩაფიქრებული. ლუკას სახარებაზე მუშაობა მან 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა ვერ დაასრულა. ლუკას სახარების ილუსტრაციები მცენარეული საღებავით არის შესრულებული და ხატწერულ ხასიათს ატარებს.

 

1991 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მხატვარმა ხელახლა გადაწერა იოანეს სახარება.

 

1983 წელს ირაკლი ფარჯიანი ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) გაემგზავრა სამკურნალოდ, თუმცა 1984 წლის დეკემბერში თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობის კურსი და საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი, 1984-85 წლებში, აბასთუმანში გააგრძელა. ფარჯიანის პალატა მალე შემოქმედებით სახელოსნოდაც იქცა.  1985 წელს, მეგობრების მიწვევით, პირველად მიემგზავრება საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთ გერმანიაში.

1989 წლის 9 აპრილს მონაწილეობს თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს და მომწამვლელი აირი გამოიყენეს. მხუთავმა აირმა ირაკლი ფარჯიანს კიდევ უფრო დაუზიანა ჯანმრთელობა. მიუხედავად ამისა, იგი უარს არ ამბობს მისთვის ძალზე მნიშვნელოვან შემოთავაზებაზე და 1989 წლის ზაფხულში დასავლეთ ბერლინში მიემგზავრება, სადაც 1990 წელს სამი ქართველი მხატვრის – კოკა იგნატოვის, გოგი ალექსი-მესხიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ერთობლივი გამოფენა შედგა.”ბერლინის ციკლის” სახელწოდებით ცნობილი მასშტაბური ფერწერული ტილოები სწორედ დასავლეთ ბერლინშია შექმნილი.

 

22 დეკემბერს,  თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, ხოლო 23 დეკემბერს, ღამის 3 საათზე,  როდესაც თბილისის ცენტრში “მხატვრის სახლი” დაიწვა, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ირაკლი ფარჯიანი.

 

მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, ირაკლი ფარჯიანმა სოლიდური მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა.

 

ცნობილი სერიები და ციკლები მისი შემოქმედებიდან:

 

  • შეხვედრები
  • სახარებები
  • რელიგიური სცენები
  • პორტრეტები
  • ყვავილები
  • აბსტრაქციების სერია
  • ქართული ზღაპრები
  • ფაუსტი
  • ოდისეა
  • საბავშვო ბიბლია
  • გალაკტიონი და სხვა.

 

 

ირაკლი ფარჯიანს  პერსონალური გამოფენა სიცოცხლეში არასდროს ჰქონია. მისი ნამუშევრები ევროპაში არაერთ ჯგუფურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი იტალიასა და გერმანიაში. გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი გამოფენები შედგა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საგულისხმოა გიოთენაუმის, (1994) ვატიკანის (1995) და პარიზის (1996) გამოფენები.

ირაკლი ფარჯიანის არაერთი გამოფენა შედგა ბოლო წლებშიც თბილისში. მათ შორისაა 2019 წელს გამართული: “აბასთუმნის შობა” “ბაია გალერეაში,” ამავე წელს გალაკტიონის სერია გამოიფინა აბრეშუმის ქარხანაში.

 

ირაკლი ფარჯიანის ყველაზე დიდი კოლექცია დღეს თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებშიც.