ნინია ახვლედიანი
პროექტის იდეის ავტორი და გამოფენის კურატორი
„ირაკლი ფარჯიანის მხატვრობასთან ბავშვობიდან ორგანულად ვარ დაკავშირებული. ირაკლისთან დედაჩემი მეგობრობდა და მახსოვს, 80-იან 90-იან წლებში ჩვენი სახლის კედლებზე ირაკლის ფერები, სილუეტები, მისეული მისტიკა, ყველასგან განსხვავებული ხელწერა როგორ მოქმედებდა ჩემზე. ასევე, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა გოკიელების ოჯახის კოლექცია ვნახე. მათ სახლში ხშირად დავდიოდით სტუმრად და ფარჯიანის „უთვალავ ფერთა“ სამყარო სწორედ იქ აღმებეჭდა ცნობიერებაში. ეს ბავშვობის ემოცია მომსდევს დღემდე. რაც თავი მახსოვს, მახსოვს ირაკლის ხელოვნება და ისტორიები მის შესახებ. სიმბოლურია ახლა ისიც, რომ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობ და საქმითაც გადავიკვეთე ფარჯიანის მხატვრობასთან – მის ყველაზე მასშტაბურ კოლექციასთან. ალბათ არ არის უბრალო დამთხვევა ისიც, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ნინო მიქაძისგან გავიცანი სოფო ფარჯიანი და დღეს ერთად ვმუშაობთ ირაკლის გამოფენებზე, მის პოპულარიზაციაზე. ფარჯიანი დიდი მოვლენაა ქართულ და მსოფლიო ხელოვნებაში და ვფიქრობ, არ ვარ სუბიექტური. მიხარია, რომ ჩემთვის ეს ბავშვობიდან ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება ჩემს მეხსიერებაში.“

 

 

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991)

Recto-Verso – პორტრეტების გამოფენა

“მუზეუმი სახლიდან”

ირაკლი ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენის იდეა გაჩნდა პანდემიის დროს სოციალურ ქსელში ნინია ახვლედიანის მიერ შექმნილი ფეისბუქ ჯგუფის „მუზეუმი სახლიდან“ ფარგლებში. კოვიდ 19-ის შედეგად შეიცვალა სამუზეუმო ცხოვრება. ცოცხალი გამოფენები ჩაანაცვლა ერთგვარმა ციფრულმა მუზეუმმა – ადამიანები ერთმანეთს საოჯახო კოლექციებს უზიარებდნენ. “მუზეუმი სახლიდან” იქცა სახალხო პროექტად და სწორედ მის ფარგლებში დაიგეგმა ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა, რომელსაც მხარდაჭერა პანდემიის დროს თბილისის მერიამ გამოუცხადა. პროექტის იდეის ავტორი და გამოფენის კურატორი – ნინია ახვლედიანი. კონსულტანტი – კონსტანტინე ბოლქვაძე.

წელს ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო წელია, არტისტს 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში.

უფრო კონკრეტულად, ამ გამოფენის ინსპირაცია იყო ფეისბუქ ჯგუფში „მუზეუმი სახლიდან“ ნინო მიქაძის მიერ ატვირთული მისი ბავშვობისდროინდელი გრაფიკული პორტრეტი, რომელიც ფარჯიანმა 1990 წელს შეასრულა.

ირაკლი ფარჯიანი უდიდესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი მხატვრული ღირებულება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ისე მსოფლიო ხელოვნების  განვითარებაში. ფარჯიანის შემოქმედება მრავალმხრივია თემატური თუ სტილურ-ჟანრული თვალსაზრისით. განსხვავებული კულტურული ნიშნები, პერიოდიზაციები, რელიგიური თუ საერო მხატვრობის ელემენტები, ანტროფოსოფიული მსოფლხედვა მუდმივად ფიგურირებს მის სახვით სამყაროში. არტისტი სხვადასხვა თემატიკის სიუჟეტს მისთვის დამახასიათებელი ხელწერით ასრულებს,  იქნება ეს პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი სცენა, რელიგიურ-ლიტერატურული გმირი თუ აბსტრაქტული კომპოზიცია. სხვადასახვა ეპოქის აღმნიშვნელი სულიერი თუ უსულო გამოსახულება ინაცვლებს მხატვრის „დროის სარტყელში“, რომელიც ახალ შინაარსს იძენს და ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილი ხდება.

ირაკლი ფარჯიანი მიეკუთვნება ქართულ მხატვრობაში იმ მცირერიცხოვან არტისტებს, რომლებმაც ძველი მეხსიერებით ახალი პოსტმოდერნისტული ქართული ხელოვნება შექმნეს. მისი ფერწერა კულტურული დიალოგების ერთგვარი ხიდია და შემოაქვს ადამიანის თავისუფალი ცნობიერება ქართულ სახვით ხელოვნებაში.  ფარჯიანის სინათლის ფერწერა მეტაფორულია; იგი ეძებს და ანათებს ადამიანისეულ საწყისებსა თუ საზრისებს სურათის გაუნათებელ, მეტაფიზიკურ ნაპრალებში, რაც ყველაზე თვალსაჩინო პორტრეტებშია.  ხელოვანის შემოქმედებაში პორტრეტული ჟანრი  ერთ-ერთი წამყვანია. იგი, თითქოს ოჯახური ფოტოალბომის პრინციპით ასახავს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვა. პორტრეტებში გამოსახული ადამიანები წარმოადგენენ მხატვრის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მათ შვილებს და, ზოგადად, მისთვის ახლობელ  ადამიანებს. ჩვენი ვირტუალური ექსპოზიცია   ითვალისწინებს რარიტეტების გასაჯაროებას  და წარმოაჩენს მხატვრის სტილურ ძიებებს, მეტამორფოზებს, 1970-იანი წლებიდან 1991 წლამდე.

ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მხატვარმა დასავლური და, ამავდროულად, ქართული კულტურული თვითმყოფადობის  სინთეზი პორტრეტის ჟანრშიც შეძლო. სამ ათწლეულში მცხოვრები ადამიანების სახეები მრავლისმთქმელია და ამოუცნობი; დინამიკაში ნახვისას, მისი პორტრეტების მთელი სერია სტილურად მუდმივად ცვალებადია – ზოგ შემთხვევაში რეალისტურ-აკადემისტური, ნაივური, ეთნოგრაფიული და, უმეტესად, ექსპრესიონისტული ტექნიკით შესრულებული.  ეს პორტრეტები და მათზე გამოსახული სახეები ყვებიან თანადროული რეალობის შესახებ. თითქოს მათში მეოცე საუკუნის „სიხისტემ“ ვერ გააქრო რომანტიზმი და   იმედით მოცული  განწყობა. ისინი თავიანთ მითოლოგიურ სამყაროში არსებობენ, რომლის თანააზიარი თავად მხატვარია.

რამდენიმე პორტრეტს დამთვალიერებელი ამ გამოფენაზე პირველად იხილავს, მათ შორისაა ნინო მიქაძის და ქეთევან მგელაძის პორტრეტები.

განსაკუთრებულია ექსპოზიციაში დების – ნათია და ანანო გოკიელების ბავშვობისდროინდელი პორტრეტები. უმნიშვნელოვანესია ფარჯიანის პორტრეტების სერიაში მისი მეგობრის – თამარ ხუნდაძის 5 სახასიათო სახე. ვირტუალურ ექსპოზიციაში ასევე წარმოგიდგენთ  ქართული სახვით ხელოვნების მუეზუმში დაცულ პორტრეტებს, მათ შორისაა ფარჯიანის ორი ავტოპორტრეტი – ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი.

სწორედ ამ ბაზისზე შეიქმნა ექსპოზიცია, რომელიც განავრცობს ფარჯიანის ბიოგრაფიას ვიზუალური კვლევის სახით. გამოფენის ქსოვილში  ბიოგრაფიული შტრიხები შემოაქვს ავტოპორტრეტებს, ისინი გარკვეულწილად ხაზს უსვამს მხატვრის მიერ საკუთარი თავის ძიების ინდივიდუალისტურ ცნობიერებას. ფარჯიანის ავტოპორტრეტები  წარმოადგენს მის შემოქმედებაში ასახული ადამიანების კამერტონს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები მხატვრის ოჯახის, მეგობრების, კერძო კოლექციონერების და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან. იშვიათია არტისტის მიერ შესრულებული პორტრეტები ზეთში, რომლებიც ასევე წარმოდგენილია ექსპოზიციაში. გამოფენას წინ უძღვის მხატვრის ამსახველი საარქივო კადრებით შექმნილი ვიდეო, რომ უფრო ახლოს შეეხოს დამთვალიერებელი ირაკლი ფარჯიანის სამყაროს. ვიდეოს და ექსპოზიციას თან ახლავს ნიკა მაჩაიძის მიერ საგანგებოდ დაწერილი  მუსიკა. ამ ფორმით ერთი არტისტი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მეორე არტისტის მიმართ და მუსიკით აღწერს გამოფენის  ვიზუალურ რიტმს.

გამოფენის მთავარი მიზანია, დიდი ქართველი მხატვრის – ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით მის საიუბილეო წელს. ამ გამოფენით ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფართო და განსხვავებულ ჭრილში დაინახავს ხელოვანს, მის სახვით სამყაროს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ციფრული ექსპოზიცია იმპულსს მისცემს თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე კურატორებს და ხელოვნებათმცოდნეებს, გააგრძელონ არტისტის შემოქმედების კველვა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს  ირაკლი ფარჯიანის ხელოვნების, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შეკავშირება  ჩვენს თანამედროვეობასთან.